Monday, December 15, 2008

imagine

გუშინ გავიგე, რომ შიზოფრენიკი ვყოფილვარ. ეს კიდევ არაფერი, რაც მთავარია გენეტიკურადაც ბოძებული მაქვს შიზოიუდური გამოვლინებები.
ფსიქოლოგიის ლექტორი კი ურეაქციოდ მეუბნება, რომ შიზოფრენიის განკურნება შეუძლებელია. პრინციპში ვერ ვხვდები რა არის ცუდი იმაში, რომ საკუთარ თავს ველაპარაკები ხოლმე, ან სულაც ნაცნობებს, რომლებიც იმ მომენტში ჩემს გვერდით არ არიან და არც ჩემი სიტყვები ესმით. ეს იგივეა სარკესთან მარტო რომ ცეკვავ და მაინც გგონია რომ ვიღაც გიყურებს. "დევნა, მოჩვენება თითქოს ვიღაც გამუდმებით გითვალთვალებს – პარანოიაა!" აი პარანოიის განკურნება თუ შესაძლებელია ეს აღარ მიკითხავს. ამასაც ვერ ვხვდები, რა საჭიროა მისი განკურნება? მაშინ ხომ აღარავინ იქნება ისეთი ვისთვისაც აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული გამოვალ და სიგარეტსაც მხოლოდ საჩვენებელი თითით ჩავაფერფლებ საფერფლეში.
ქუჩაში გახდის კომპლექსი რომ აღარ მაქვს, ეს რა დაავადება ჯერ ვერ გავარკვიე. იმ დღეს, რუსთაველზე მიწისქვეშა გადასასვლელთან მაიკა გავიხადე და ნინიმ მითხრა რას ყ...ობო?! მე კიდევ ვერ გავიგე მე უფრო ცუდს ვშვრები როდესაც მცხელა, რომ ვიხდი თუ ნინი აი იმ სიტყვას რომ ქუჩაში მეუბნება. მერე კიდევ ყველას მოუყვა ჩემი გახდის ამბავი. ლევანიმ მითხრა “თავი არასდროს უნდა შეიკავოო” ხოდა ერთხელ ნინიზე გავბრაზდი და სკამი მომხვდა ხელში და თავში ჩავარტყი. მერე კიდევ სისხლი წასკდა და რომ დავინახე ავტირდი. სისხლი არ მიყვარს და მგონი თავიც ეტკინა ნინის. იმის მერე აღარ მელაპარაკება. მე კიდევ დედაჩემმა მთხოვა ფსიქოლოგი ივლის ხოლმე ჩვენთანო და დადის. რას მეუბნება ხოლმე აღარ მახსოვს იმიტომ რომ მაგ დროს ვფიქრობ ნიკას დედას როგორ ჰგავსთქო. ნიკას დედა კიდევ არასდროს მინახავს, მაგრამ ვიცი ასეთი იქნება. ჭკვიანი ქალი უნდა იყოს, მაგრამ ეს სათვალეები რაღაც იდიოტურ გამომეტყველებას აძლევს.
ერთი მეზობელი მყავს – დათო. რამე რო იყოს, თუ მომცემო? გუშინ მკითხა. მე კიდევ ვერ გავიგე და რას-მეთქი ვკითხე, არა იყოს, აღარ მინდაო. მორიდებული ბიჭია დათო.
ტელევიზორში თვითშთაგონების სიძლიერეზე ლაპარაკობდნენ. რასაც შთააგონებ შენს თავს ის გამოგივაო.ლუკას ვკითხე ფრენა, რომ შთავაგონო გამომივა – მეთქი? და გაიცინა, აბა სცადეო, მიპასუხა. მეც ვცადე და მართლაც გამომივიდა. ნაძვის ხის წვერს, ძილისწინ რომ ვაკვირდებოდი ხოლმე იმასაც კი გადავუფრინე და მერე ვიფიქრე ცოტა ხნით ძირს დავშვებულიყავი და ლუკასთვის მეთქვა მასაც ეცადა. ოთახში, რომ დავბრუნდი იატაკზე ეგდო და პირიდან დუჟები სდიოდა. მამიდაჩემი შემოვარდა და კივილი ატეხა. მერე ხალხი შეიკრიბა და ლუკა მოკვდაო, გაიძახოდნენ, გული გაუსკდაო. მართლაც რომ მეწყინა, მაგრამ ტირილი რა საჭირო იყო ვერ მივხვდი. ყველა ცაში ყოფნაზე არ ოცნებობს? რომ ვიკითხე,მომვარდნენ და სახე დამიკაწრეს. მცემდნენ. ძალიან მეტკინა. ვიღაც კაცმა გამომსტაცა და წადიო მითხრა. დედაჩემთან რომ შევედი, წამლის სუნი მეცა. მინდოდა თვალებში ჩამეხედა მისთვის. დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩამეხედა, თორემ მავიწყდებოდა, მაგრამ სახეს ზემოთ არ სწევდა და მერე ხმაზე მივხვდი რომ ტიროდა. ძალით გავიცინე. მეგონა გაეცინებოდა, მაგრამ უფრო ატირდა. მერე არაფრის დამახსოვრება აღარ მინდოდა და აღარ დავიმახსოვრე. დამახსოვრება რომ მომინდა და რომ დავიწყე შპაგატში ვიჯექი და პოანტეები მეცვა. ”მაია უვაჟაივნამ” ვარჯიშის ბოლოს მითხრა შენგან მაგარი ბალერინა გამოვა, ნინო ანანიაშვილსაც აჯობებო. პოანტებს უნდა შეეჩვიოო. ამიტომ სახლში ფეხის წვერებზე წავედი. გზაში ჩემს წინ მიმავალს ვირჩევდი ხოლმე და “გასწრობობანას” ვეთამაშებოდი. ოღონდ იმათმა არ იცოდნენ და იმ დღეს ოთხ ადამიანს გადავასწარი. მაგრამ ნაბიჯებს ისე ვადგამდი რომ ეს მხოლოდ სიარული ყოფილიყო და არა სირბილი. მერე გამახსენდა, რომ ძაან პატარაობა დამიმახსოვრებია უადგილოდ და თავიდან რომ დავიწყე მივხვდი, მშიოდა. ქუჩაში ბავშვი ჭამდა და ვუთხარი. ქალი ახლდა და თავხედი ხარო მითხრა. უხეშად მოუვიდა. ეზოში რომ შევედი ძაღლი გამოიქცა ჩემსკენ და პირით მკვდარი ვირთხა ეჭირა. გემრიელი ყოფილა. იაპონიაში ჭამენ მგონი თუ ჩინეთში. გეოგრაფია არ მიყვარდა სკოლაში და ვერ ვერკვევი.
საღამოს უცნაური რაღაც დამჩემდა – ვთქვი, რომ არასდროს აღარაფერს შევჭამდი. მაგრამ იმ დღეს მღვდელი გვესტუმრა და ძალიან მთხოვა პურის ნატეხი ჩამედო პირში. მერე კიდევ მგონი “ხვანჭკარა” დამაყოლებინა. ოჩოპინტრეს ჰქონდა ესეთი ბუჩქი. ოღონდ იმას თავზე, ამას კიდევ ნიკაპზე. ნუთუ იესომ უთხრა? ხმამაღლა რომ მეკითხა, ვიცი მეტყოდნენ ბიბლიაში წერიაო. მე კიდევ არ მქონდა წაკითხული. ღვინო რომ დავლიე, მგონი გული ამერია. . . იმიტო რომ მღვდელი ოთახიდან გავიდა და მერე არ მინდოდა დამემახსოვრებინა და არაფერი აღარ დავიმახსოვრე, ამიტომ არაფერიც აღარ მახსოვს.
პ.ს. ფსიქოლოგიის ლექტორს უნდა ვკითხო ამნეზია იკურნება თუ არა.

4 comments:

  1. HEY :)
    DIDI XANIA POSTIt ASE AR MIXALISIA :)

    ReplyDelete
  2. მშვენივრად გაგიგია დათომ რაც გითხრა :P
    მორიდებული ბიჭები საინტერესოები არიან :D
    ვამატებ ამ ბლოგს ჩემთან, ზუსტად ისაა, რაც მჭირდებოდა ამდენი ხანია.

    ReplyDelete
  3. mec dagamateb rom viscavli rogor unda damateba tu damexmarebi kargia :)

    ReplyDelete
  4. ... ... ... kargi xar ...

    ReplyDelete